XVIII საუკუნის ერთი დოკუმენტი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2023.27.25საკვანძო სიტყვები:
ტყვეთა გაყიდვა, ქართველი ტყვეები ეგვიპტეში, სამაჩაბლოანოტაცია
გვიანშუასაუკუნეებში საქართველოსთვის დიდ უბედურებად იქცა ადამიანებით ვაჭრობა. საქართველოდან გატაცებულ ადამიანებს ოსმალეთისა თუ სირიის მონათა ბაზრებზე ჰყიდდნენ. ამ მძიმე ფაქტების შესახებ გვიამბობენ როგორც ქართული, ისე უცხოური წყაროები. ადამიანთა გაყიდვის ეს საშინელი სენი ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოედო. „ტყვის სყიდვა“, როგორც ჩანს, სამაჩაბლოშიც იყო გავრცელებული და ამ საჩოთირო საქმეში მაჩაბელთა ფეოდალური სახლის წევრებიც მონაწილეობდნენ.
სტატიაში განხილულია XVIII საუკუნის ერთი დოკუმენტი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველის შესახებ. დოკუმენტი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. შესრულებულია მხედრული ხელით გრაგნილზე. დასაწყისში უზის მხატვრულად მოხატული ქანწილი და ჯვარი. ხელნაწეს ბოლოში უზის ორი ბეჭედი: ერთს აწერია: „ფარსადან“, ხოლო მეორეს – „მონა ღვთისა მილახვარი ლუარსაბ“. ორივე მათგანი მაჩაბელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლები იყვნენ.
წარმოდგენილი დოკუმენტი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის XVIII საუკუნის II ნახევარში სამაჩაბლოდან ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველის – ბეჟან კასრაძის შესახებ, ზოგჯერ გატაცებული და ტყვედ გაყიდული ქართველები უცხო ადამიანების დახმარებითაც ახერხებდნენ ტყვეობიდან თავის დახსნას. როგორც ჩანს, ბეჟან კასრაძემ ვერ მოახერხა თავის დახსნა და საბოლოოდ ეგვიპტეში დამკვიდრდა. ბედის წყალობით მან ეგვიპტეში დიდ წარმატებას მიაღწია, რაც თავისი ოჯახისათვის საკმაოდ სოლიდური ფულადი თანხის გამოგზავნით დასტურდება. ეგვიპტეში მცხოვრები სახლიკაცის დახმარებით კასრაძეებმა მაჩაბლების მამულები გამოისყიდეს და მშობლიურ სოფელში თავდასაცავი კოშკი ააშენეს. სოფელ ქემერტში დღემდეა შემორჩენილი თავდასაცავი ნაგებობა, რომელიც კასრაანთ გოდოლის სახელით არის ცნობილი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კასრაძეების კოშკი, ისევე როგორც მრავალი ქართული ძეგლი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.