ონომასტიკური მეცნიერების ფუძემდებლობის საკითხისთვის საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
ქართული ონომასტიკა, ალექსანდრე ღლონტი, ქართული ონომასტიკის ფუძემდებელი, თსუ ტოპონიმიკის ლაბორატორიის კვლევებიანოტაცია
ონომასტიკა, როგორც საკუთარ სახელთა შემსწავლელი მეცნიერება, სპეციალურ დარგად გვიან ჩამოყალიბდა. ეს დისციპლინა XIX საუკუნეში ევროპასა და რუსეთში ჩაისახა. XX საუკუნის I ნახევარში დასავლეთევროპელ, რუს, უკრაინელ და სხვა მკვლევართა პარალელურად საქართველოშიც იბეჭდებოდა ცალკეულ მეცნიერთა ონომასტიკური დაკვირვებანი.
ონომასტიკაში გამოიყოფა არაერთი ქვედისციპლინა, ძირითადად, ტოპონიმიკა-ჰიდრონომიკა და ანთროპონიმიკა. დღეს საქართველოში ონომასტიკა გამოკვეთილად ენათმეცნიერულ დარგადაა მიჩნეული, რამეთუ ონიმი ლექსიკური ერთეულია, ლექსიკის შემსწავლელი ლექსიკოლოგია კი ენათმეცნიერების დარგია. ონომასტიკას, როგორც ენათმეცნიერების დარგს, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ალექსანდრე ღლონტის შრომებით: 1. „ქართული ლექსიკოლოგია” (1964), 2. „ქართველური საკუთარი სახელები” (1967); 3. სერია „ტოპონიმიკური ძიებანი”, 11 წიგნი (1971-დან) ‒ ენათმეცნიერული კვლევებით.
ანთროპონიმიკა თავის მხრივ, ეყრდნობა ორ საფუძველს, ესაა: საკუთრივ ანთროპონიმები, ანუ, პირის სახელები და გვაროვნული სახელები, გვარები. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ლექსიკოლოგიაში” წარმოდგენილი პროფ. ალ. ღლონტის მოძღვრება ისეთივე ფუძემდებლურია „გვარონულ სახელებზე”, როგორიც საკუთრივ ანთროპონიმებზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიის შექმნამდე (1969) ალ. ღლონტი კითხულობდა ონომასტიკის სპეცკურსს პედაგოგიურ ინსტიტუტში. თსუ-ში ტოპონიმიკის/ონომასტიკის ლაბორატორია, რომელსაც 4 ათეული წელი ღირსეულად უძღვებოდა საქართველოში ონომასტიკის გამორჩეული მკვლევარი პაატა ცხადაია, გეგმაზომიერად და სისტემურად აგრძელებდა საქართველოში უკვე გზაგაკვალულ ონომასტიკურ საქმიანობას, მაგრამ საქართველოში ონომასტიკის დაფუძნება ენათმეცნიერების დარგად და მისი გეგმაზომიერად წარმართვის დასაწყისი ეტაპი დაკავშირებულია პროფესორ ალექსანდრე ღლონტის სახელთან და არა 1969 წელს თსუ-ში დაარსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასთან.