ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობის პარკი - არსებული მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები
საკვანძო სიტყვები:
პარკი, მცენარე, გამწვანება, ხეები, გლობალური დათბობა, ადაპტაციაანოტაცია
ქუთაისის „ახალგაზრდობის პარკი“ გასული საუკუნის მეორე ნახევარში გაშენდა. პარკის გეგმარება რეგულარულ სტილშია გადაწყვეტილი, ხოლო მცენარეული საფარის სივრცობრივ-მოცულობითი სტრუქტურა პასუხობს საქართველოს კლიმატური ზონისათვის მოთხოვნილ პირობებს და დადგენილ პარამეტრებს. 2024 წლის მონაცემებით პარკში იზრდება 36 ოჯახის, 55 გვარის, 62 სახეობის 5166 ძირი მერქნიანი მცენარე, რომელთა უმეტესობის ასაკი 70 წელს აღემატება. ხეების დიდი ნაწილი კარგად არის განვითარებული, თუმცა აქა-იქ გვხვდება დაჩრდილულ პირობებში განვითარებული სუსტი ეგზემპლარებიც. მოზარდი მცენარეების 80% მარადმწვანეა, რაც მთელი წლის განმავლობაში მარადმწვანეობის ეფექტს განაპირობებს. პარკის ტერიტორიაზე ტემპერატურული პირობების კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ხეებით შექმნილ კორომებში დაუჩრდილავ ადგილთან შედარებით ტემპერატურა თითქმის 6,30C-ით ნაკლები იყო. ჩვენი რეკომენდაციით უნდა მოხდეს მცენარეების სანიტარული და დეკორატიული გასხვლები და ზოგიერთი ცუდად განვითარებული ეგზემპლარის ამოძირკვა (173 ძირი), პარკს უნდა შეემატოს წლის სხვადასხვა პერიოდში კოლორიტული ეფექტის მომცემი ხეები და ბუჩქები.
2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო დასახელებული პარკის რეკონსტრუქცია. საჯარო სივრცეში დაიდო პროექტის სურათები, საიდანაც ჩანს, რომ პარკში უნდა განხორციელდეს მრგვალი ფორმის აუზის და სხვადასხვა ატრაქციონების მოწყობა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს პარკის ცენტრალური შესასვლელის და მოედნის მოსაზღვრე თარგებზე არსებული მცენარეების რაოდენობის შემცირების, მით უმეტეს დიდი რაოდენობით ზრდასრული ხე მცენარეების დაუსაბუთებელი მოჭრის ხარჯზე: სასურველია ამ საკითხის განხილვაში ჩართულიყო ქალაქში დასაქმებული გამწვანების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები - მათ შორის ნიადაგთმცოდნეები, გარემოს დაცვის მუშაკები და ეკოლოგები.
წყაროები
1. კილაძე რ., გუბელაძე ე., ტყავაძე მ. დეკორაციული დენდროლოგია - დეკორატიული წიწვოვანი მცენარეები, წიგნი I. გამ. ი.მ. „მარიამ იობაძე“, 2023 წ., 332 გვ.
2. კილაძე რ., გუბელაძე ე., ტყავაძე მ. დეკორაციული დენდროლოგია - დეკორატიული ფოთლოვანი მცენარეები, წიგნი II, ნაწ. II. გამ. „ი.მ. მარიამ იობაძე“, 2024 წ., 330 გვ..
3. კილაძე რ., გუბელაძე ე., ტყავაძე მ. დეკორაციული დენდროლოგია - დეკორატიული ფოთლოვანი მცენარეები, წიგნი II, ნაწ. I გამ. „ი.მ. მარიამ იობაძე“, 2024 წ., 330
4. http://www.dissercat.com/content/ekologicheskaya-rol-zelenykh-nasazhdenii-v-zashchite-okruzhayushchei-sredy-ot-vozdeistviya-s#ixzz4V9YSFgGA - Экологическая роль зеленых насаждений в защите окружающей среды от воздействия стрессовых факторов города.


