ჰერბერტ ჰუვერის მემუარები საქართველოს შესახებ
საკვანძო სიტყვები:
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა, ამერიკული პრესა საქართველოს შესახებ, 1918-1921, ჰერბერტ ჰუვერის მემუარები საქართველოს შესახებანოტაცია
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში იმჟამინდელი მსოფლიოს ჰეგემონი სახელმწიფოები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის „საზღვაო კარიბჭედ“ წოდებული ბათუმის ცხოვრებაში, კერძოდ კი მისი სტატუსის განსაზღვრასთან და საქართველოსთვის მის მიკუთვნებასთან დაკავშირებული პრობლემის რეალურად გადაწყვეტის პროცესში. სწორედ ამ მოვლენით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილ პუბლიკაციათა დიდი ნაწილი ბათუმისადმია მიძღვნილი. წინამდებარე ნაშრომში, გარდა ხსენებულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიებისა, ასევე, განხილულია 1929-1933 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების 31-ე პრეზიდენტის – ჰერბერტ ჰუვერის მემუარებიც. მას, როგორც 1919-1923 წლებში მსოფლიოს ქვეყნებისადმი ამერიკის დამხმარე საზოგადოების (American Relief Administration) ხელმძღვანელს, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც.
აღსანიშნავია, რომ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ფურცლებზე, ისევე როგორც ჰერბერტ ჰუვერის მემუარებში, ბათუმზე საუბრის დროს უმთავრესად მის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მახვილდება ყურადღება. ყველა სხვა საკითხი, მათ შორის ამ ქალაქის რომელიმე სახელმწიფოსთვის მიკუთვნების პრობლემაც კი, ამ კონტექსტიდან გამომდინარე განიხილება.
ჰერბერტ ჰუვერის მემუარებში დახასიათებულია რუსეთში 1917 წელს მომხდარი რევოლუციების შემდეგდროინდელ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონის სამივე, ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული რესპუბლიკა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. გარკვეულ შემთხვევებში კი ადგილი აქვს ფაქტობრივ ისტორიულ უზუსტობებსაც.
შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად საკითხისადმი ხშირად ძალზე არაობიექტური მიდგომისა, ნაშრომში წარმოდგენილი დოკუმენტები უდავოდ წარმოადგენს ძალზე მნიშვნელოვან მასალას აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული მკვლევრებისათვის.