იზმირის (თურქეთი) ქართული მონასტერი
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2023.27.22საკვანძო სიტყვები:
ქართული მონასტრები ოსმალეთში, იზმირის ქართული მონასტერი, ქართული მოგზაურული ჟანრის მწერლობა, XVIII-XIX სს.ანოტაცია
წერილობითი მასალებითა და მოგზაურული ჟანრის ტექსტებით დასტურდება, რომ გვიანდელი შუა საუკუნეების ოსმალეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ კონსტანტინოპოლში (სტამბოლში), ქართული ქრისტიანული ეკლესიებიც არსებობდა, სადაც ქართველი ბერ-მონაზონები აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა დღესდღეობით არა მარტო დანგრეული და განადგურებულია, არამედ უმეტესობის ზუსტი ადგილსამყოფელიც კი არაა დადგენილი.
ერთ-ერთი ასეთი ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებში ქალაქ იზმირშიც არსებულა. ამასთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ტიმოთე გაბაშვილის (1703-1764) მოგზაურული ჟანრის ტექსტი „მიმოსლვა“, რომლის მეშვეობითაც ირკვევა, რომ XV საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ქალაქ იზმირში (ძველი სახელწოდებით სმირნაში) ქართული მონასტერიც არსებულა. თავისი იზმირული შთაბეჭდილებების მოთხრობის დროს იგი მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ამ ქალაქში ყოფნისას ის სწორედ ამ მონასტერში ყოფილა დაბინავებული.
შემდეგი ავტორი, რომელმაც იზმირში არსებული ქართული მონასტერი პირადად მოინახულა და მასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით მოგვაწოდა კონკრეტული ცნობები, პლატონ იოსელიანი (1810-1875) იყო. როგორც მათი მონათხრობიდან ირკვევა, იზმირის ქართულ მონასტერს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია, სადაც მრავალი წიგნი და ხელნაწერი ყოფილა დაცული. სამწუხაროდ, დღესდღეობით არა მარტო ამ დიდი საგანძურის ამჟამინდელი სამყოფელია უცნობი, არამედ თავად ხსენებული მონასტრის ადგილმდებარეობაც. იზმირში ქართული მონასტრის არსებობასთან დაკავშირებით ახალი ცნობების მოსაპოვებლად საგანგებოდ დავუკავშირდი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში არსებულ საქართველოს საპატიო კონსულს – ქალბატონ მაყვალა ხარებავას. სამწუხაროდ, მიუხედავად მისი აქტიური მცდელობისა, ხსენებული მონასტრუს შესახებ კონკრეტული ცნობების მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და ამასთან დაკავშირებით აქტიური ძიება მომავალში უნდა გაგრძელდეს.