ბოლშევიკური ტერორი და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები XX საუკუნის 20-30 იან წლებში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.05საკვანძო სიტყვები:
სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მუსლიმთა თემი, ებრაელი რაბინები, პროტესტანტული ეკლესიებიანოტაცია
XX საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ერთ-ერთი სუბიექტის, ხოლო 1936 წლიდან როგორც „დამოუკიდებელი“ საბჭოთა რესპუბლიკა. ამ დროს საბჭოთა იმპერიაში საბოლოოდ დამკვიდრდა ტოტალიტარული მმართველობა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ თავისი მრავალრიცხოვანი ოპონენტების სასტიკი რეპრესიები დაიწყო; განსაკუთრებით მკაცრად ექცეოდნენ როგორც ქრისტიანული, ასევე სხვა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლებს. ოფიციალური ხელისუფლება თვლიდა, რომ ქვეყანაში სოციალიზმის წარმატებით მშენებლობას ხელს უშლიდა საბჭოთა ადამიანების რელიგიურობა, ამიტომ საჭირო იყო მასთან ბრძოლა. საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია, 1921 წლის 15 აპრილის დადგენილების თანახმად, იურიდიული ძალის არმქონე ორგანიზაციად გამოცხადდა და დაიწყო საეკლესიო ქონების დატაცება, სასულიერო პირების დევნა. ტერორი თანაბრად გავრცელდა საქართველოში მოქმედ სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე, მუსლიმთა თემზე, კათოლიკურ ეკლესიაზე. 1921-1939 წლებში დაიხურა ასობით სომხური ეკლესია, დაპატიმრებულ იქნა მათი სასულიერო პირები. საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული სომხურ ეკლესიაში 1925 წელს დაწყებული განმაახლებელი მოძრაობა „თავისუფალი სომხური ეკლესიის ძმობა“, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენდა და ებრძოდა ძველ, გამოცდილ სასულიერო პირებს. რომის პაპის პიუს XI-ის ანტისაბჭოთა განცხადებების შემდეგ ხელისუფლება საერთოდ აღარ ენდობოდა კათოლიკე სასულიერო პირებს და მოსახლეობას. იყო შემთხვევები, როდესაც აქტიური კომკავშირლები შეურაცხყოფას აყენებდნენ კათოლიკე სასულიერო პირებს, ანგრევდნენ ქვის ჯვრებს, ბილწავდნენ კათოლიკურ ეკლესიებში დაბრძანებულ სიწმინდეებს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული დევნა გამოუცხადა ცნობილ ქართველ კათოლიკე სასულიერო პირებს. გორის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი კონსტანტინე საფარაშვილი 1923 წელს გორიდან გააძევეს, ხოლო კათოლიკური ეკლესია დახურეს. ის ახალციხეში გადავიდა ჯერ უდეს, ხოლო შემდეგ ახალციხის რაბათის ტაძრის მოძღვრად, მაგრამ 1927 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვკის სასტიკ ბანაკში. 1926 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მღვდლობა აუკრძალეს და მილიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო გარდაცვალებამდე. 1924 წლის 4 იანვარს მიღებულ იქნა დადგენილება: „აჭარის სკოლებში რელიგიის სწავლების გაუქმების შესახებ“. ხელისუფლებამ აკრძალა მაჰმადიანთა რელიგიური დღესასწაულები: „შახსეი-ვახსეი“, „რამადანი“. აჭარაში დაიწყო მუსლიმი ქალებისათვის ჩადრების ახდა, მოსახლეობაში იმის პროპაგანდა, რამდენად მიუღებელი იყო ჩადრის ტარება. ანტირელიგიური კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს რეგიონებსა და თბილისში დაიწყო მუსლიმური მეჩეთების ადმინისტრაციული წესით დახურვა, აგრეთვე იმ მოლების დაპატიმრება, რომელნიც არ ემორჩილებოდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.
„მებრძოლი ათეიზმის“ რისხვა დაატყდა თავს ებრაელებსაც. დაიწყო სინაგოგების ადმინისტრაციული წესით დახურვა. სინაგოგები იყო საკუთარი ისტორიული სამშობლოდან გადმოხვეწილი ებრაელობისათვის იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი წყარო. ხელისუფლებამ ტერორი გამოუცხადა იმ ებრაელ რაბინებს, რომელნიც არ ემორჩილებოდნენ მათ გადაწყვეტილებებს. 1922 წელს დახურეს აბაშის თემის სოფელ სუჯუნის სინაგოგა და დახვრიტეს რაბინი მიხაილ ელაშვილი. დახვრეტას ვერ გადაურჩა სოფელ ბანძის რაბინი დავით აჯიაშვილი, დაპატიმრებულ და გასამართლებულ იქნენ: მოშე ჯანაშვილი, შალომ როკეტელაშვილი, დავით ჯანაშვილი. 1924 წლის 18 აგვისტოს ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, ხელისუფლებამ „აღმოაჩინა“ არალეგალური ებრაული სკოლა და სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნა ქუთაისის მილიციის განყოფილების უფროსს: „სასწრაფოდ დააპატიმრეთ და გამოაგზავნეთ ქუთაისის პოლიტიკურ ბიუროში რაბინი მიხეილ დავითაშვილი, რაფაელ რიჟინაშვილი, დანიელ კაკიტელაშვილი, იცხაკ ელიგულაშვილი“. ხელისუფლებამ უმკაცრესი კონტროლი დააწესა მოქმედ სინაგოგებსა და რაბინებზე. ებრაელებმა დახმარებისათვის მიმართეს ლევ ტროცკის, მაგრამ დახმარების ნაცვლად ახალი ტერორი და შევიწროება მიიღეს.
წყაროები
Talakvadze 2013: Archpriest Nikita Talakvadze, From the Diaries of a Citizen Priest. Tbilisi, 2013.
Bardavelidze 2019: Bardavelidze N., Essays on the History of the Catholic Church in Georgia. Tbilisi, 2019.
Ofri-Efremashvili 2023: Ofri-Efremashvili I., History of the Jews of Georgia. Tbilisi, 2023.